კულტურასპორტი

ქართველი ჩემპიონის და რეკორდსმენის სპორტული წარმატების გზა

ყოველდღე, სახლის სარდაფში 5 საათი ვვარჯიშობდი
- თემო სამხარაძე

23 წლის წარმატებული სპორტსმენის თემო სამხარაძის კარიერა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, დაუღალავი შრომის შედეგად, ადამიანმა დაბრკოლებები გადალახოს და იმაზე კარგი შედეგი მიიღოს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ძალისმიერ სამჭიდში ევროპის და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი კარიერულ გზასა და გამოწვევებზე გულწრფელად გვესაუბრა…

- სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია თბილისში, კოლეჯში ვსწავლობდი, შედუღების მეოთხე საფეხურზე. ჩემი საცხოვრებელი ბინის გვერდით, სპორტდარბაზი გაიხსნა. ვიფიქრე, მივალ, კარგ ტანზე დავდგები მეთქი (ბავშვობიდან ჩაფსკვნილი ბიჭი ვიყავი). როდესაც მივედი, პირველივე დღეს ჩემი პირადი მწვრთნელი ლაშა სარალიძე გავიცანი, რომელმაც მაშინვე მითხრა, კარგი აღნაგობა, მონაცემები გაქვს. არ გინდა, საქართველოს ჩემპიონი გახდეო? რა თქმა უნდა, მაშინვე სურვილი გამიჩნდა. თან, ვიფიქრე, ჩემს სოფელში საქართველოს ჩემპიონის სტატუსით რომ ჩავალ, რა მაგარი შეგრძნება იქნება მეთქი!.. ვარჯიში დავიწყე და დავიწყე… დაახლოებით, 6 თვეში, საქართველოს ჩემპიონი გავხდი. შემდეგ უკვე პანდემია დაიწყო. პანდემიის პერიოდში, ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში დაბრუნება მომიხდა. თბილისიდან ინვენტარი შტანგა, ბლინები წავიღე, ტრენაჟორი და სხვა ინვენტარი, რაც მჭირდებოდა, მე და მამაჩემმა რკინისგან ავაწყვეთ… წელიწად ნახევარი სოფელში ვვარჯიშობდი. შემდეგ პანდემიაც დასრულდა, ჩემპიონატების ჩატარება დაიწყო. პირველივე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღერე და ოქროს მედალი მოვიპოვე.

- ამჟამად, თქვენს „ანგარიშზე“ რამდენი გამარჯვებაა?

- უფროსებს შორის ორგზის ვიცე ჩემპიოონი ვარ, ასევე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ოთხგზის ევროპის ჩემპიონი უფროსებს შორის, ოთხგზის ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. კომერციული ჩემპიონატის „ევროშოუს“ (რომელიც ამსტერდამში ტარდება ხოლმე) აბსოლუტური ჩემპიონი გახლავარ. ჩემს კარიერაში, საბოლოო ჯამში, 68 რეკორდი მაქვს დამყარებული, მათ შორის 14 ახლა მოქმედი რეკორდია.

- ამდენი წარმატების ფონზე, სპორტულ კარიერაში თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რა მიგაჩნიათ?

- ალბათ ის, რომ ჩემი ოჯახის, მშობლების იმედი გავამართლე და იმაზე მაგარ შედეგს მივაღწიე, რისთვისაც შეიძლებოდა, მიმეღწია.

- ჩემპიონატებისთვის როგორ ემზადებით ხოლმე?

- სპორტის გამო, ჩემი ცხოვრების სტილი უკვე ისე შევცვალე, რომ ჩემპიონატებისთვის მზადებისას დიდად არაფერი მეცვლება ყოველდღიურადაც ისე ვცხოვრობ, როგორც ჩემპიონატისთვის მზადებისას: თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ. თუ არ ვვარჯიშობ, ვისვენებ. ასევე, მყავს ამ სპორტით დაინტერესებული ბავშვები ჩემი სოფლიდან. ვცდილობ, მათ ყურადღება მივაქციო, ვავარჯიშო… ძირითადად, თავად თბილისში ვარჯიში მიწევს, რადგან აჭარაში ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარი არ არის. ვცდილობ, საღამოს 10 11 საათზე დავიძინო ხოლმე. არ ვსვამ, არ ვეწევი… სხვათა შორის, ახლაც სავარჯიშოდ მოვედი სპორტდარბაზთან ვდგავარ…

- თქვენთვის რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა სპორტის ამ სახეობაში?

- ალბათ ის, რომ არაოლიმპიური სახეობაა, როემლიც ოლიმპიადაზე შესატანად განიხილება, მაგრამ სანამ შევა, ფინანსური პრობლემებია ფედერაციაში, სპორტის სამინისტროსგან. აჭარის სპორტის სამინისტრო, როგორც შეუძლია, მაქსიმალურად მხარს გვიჭერს: სპორტის ამ სახეობაზე და პირადად ჩემზე გადაყოლილია ყველანაირად გვერდით მიდგას, ხოლო სპორტის ცენტრალურ სამინისტროს რაც შეეეხება, ფინანსებთან დაკავშირებით, პრობლემებია: გამარჯვების შემთხვევაში, გაუგებარი მიზეზების გამო, პრემიებს ვერ ვიღებთ. ყველაზე დიდი გამოწვევა ეს არის.

- რას აკეთებთ, რომ ამ გამოწვევის მიუხედავად, მოტივაცია, დისციპლინა შეინარჩუნოთ?

- ძალიან რთულია, დისციპლინა ყოველთვის შეინარჩუნო, რადგან როდესაც ხედავ, შენი მეგობრები ერთობიან, შენც გინდა გართობა, დასვენება, მაგრამ შეუძლებელია: რომ დაისვენო, სასურველ შედეგს ვერ მიიღებ. ალბათ, დისციპლინის შენარჩუნებასა და კონცენტრაციაში სპორტსმენს მიზანი გეხმარება, რადგან როდესაც რაღაცისთვის ემზადები, ყველანაირად მიზანმიმართული ხარ, რომ კარგი შედეგი „დადო“ და ის გააკეთო, რაც ჩაიფიქრე. ყველაზე დიდი მოტივაცია ეს არის, ოჯახთან ერთად, რა თქმა უნდა.

- აჭარის სამინისტროსგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერა მცირეა?

- დიახ, მცირეა, რა… მსოფლიო ჩემპიონი რომ ხდები, 10 ათასი ლარია გამოყოფილი. ძალიან მინიმალური თანხაა: მსოფლიო ჩემპიონი რომ გახდე, ალბათ, მომზადებაში 20 ათასი ლარი გჭირდება. ერთადერთი, საქართველოს სპორტის სამინისტროსგან რაც მაქვს, ხელფასია, სხვა არაფერი.

- ფინანსური სირთულე თქვენს სპორტულ კარიერაზე როგორ აისახება?

- რა თქმა უნდა, ბევრი მიღწევა მაქვს, მაგრამ უკეთესი ხელშეწყობის შემთხვევაში, მეტი მოტივაცია და უფრო მეტი სპორტული მიღწევა მექნებოდა. სპორტსმენი, რომელიც იბრძვის, რომ თავის ქვეყანას მედლები მოუტანოს, იმაზე არ უნდა ფიქობდეს, რომ მაგალითად, თვის შუა რიცხვებში ბინის ქირა აქვს გადასახდელი… როდესაც მსგავსი ცხოვრებისეული პრობლემები გაქვს, სპორტზე კონცენტრირებას სათანადოდ ვეღარ ახდენ. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს სიტუაცია გამოსწორდება.

- თქვენს კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენეთ…

- ასეთი კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდი იყო, რადგან იმ დროისთვის არანაირი საერთაშორისო წარმატება არ მქონდა. დამწყები სპორტსმენი გახლდით. წელიწად ნახევრის განმავლობაში, იცით, როგორ ვვარჯიშობდი? ჩემთან, სახლის სარდაფში ჩავდიოდი, 5 საათი ვვარჯიშობდი, მერე სახლში ავდიოდი და ვისვენებდი. ყოველდღე ასე გრძელდებოდა. იმ დროის განმავლოაბშჲი ბევრი სირთულის, ფსიქოლოგიური პრობლენის გადალახვა მომიხდა. ფსიქოლოგიურად ურთულესია, ყოველდღე ერთი და იგივე რაღაც აკეთო, არ გაერთო… პლუს, როცა ამდენი შრომის, ფსიქოლოგიური სირთულეების გადალახვის მერე, ოქროს მედალი მოვიპოვე და საქართველოს ჰიმნი ავაჟღერე (მაშინ მსოფლიო ჩემპიონატი შვედეთში ჩატარდა), საქართველოში დაბრუნებულს არანაირი დაფასება არ მქონია, გარდა იმისა, რომ ჩემი ქობულეთი, ჩემი სოფელი ძალიან გავახარე.

- გასაგებია, რომ ფინანსური, მაგრამ კონკრეტულად, სახელმწიფოსგან რა მხარდაჭერა გჭირდებათ?

- პირველ რიგში ის, რომ 4 წელია, ყველა ჩემპინატზე ვიგებ, მაგრამ სპორტის ჩემს სახეობაში, მსოფლიო ჩემპიონობისთვის დაწესებული 17 ათასი ლარი ვერც ერთხელ ვერ ავიღე. სპორტის სახეობები 3 კატეგორიად იყოფა: ოლიმპიური, არაოლიმპიური და შოუს ტიპის. არაოლიმპიური სახეობის ჩემპიონისთვის 17 ათასი ლარია გამოყოფილი, მაგრამ ამ კატეგორიაშიც 2000 წლის დასაწყისიდან 2 3 სახეობა აქვთ შეტანილი. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, არა? განვიხილავთ და შევიტანთო, 4 წელია, ამას ამბობენ. ჩვენი სახეობა პრემიების ნუსხაში უნდა შეიტანონ, რომ პრემიები მივიღოთ. საერთოდ, ასე რატომ დაყვეს, ვერ გავიგეთ.Oოლიმპიური სახეობის ჩემპიონები გარკვეულ თანხებს იღებენ იქ არაა დაყოფილი, რომ მაგალითად, ძიუდოისტი მიიღებს, თავისუფალი ჭიდაობის წარმომადგენელი არა. არაოლიმპიურ სახეობებში ვინ დაყო ან ამის გაკეთება რაში სჭირდებოდა, არ ვიცი, მაგრამ დაყვეს, რომ პირობითად, კარატეში, მკლავჭიდში გამარჯვებული 17 ათას ლარს მიიღებს, სხვა სახეობებში წარმატებულები არა. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. რაღაც უნდა შეიცვალოს. 4 წელია, ამისთვის ვიბრძვით…

- თემო, თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან? რომელიმე სპორტსმენი ხომ არაა?

- ჩემი ოჯახის წევრებიდან სპორტით დაკავებული არც ერთი არაა. სოფელში ციტრუსის, თხილის ბაღები გვაქვს. ასევე, მამას ხილბოსტნეულის პატარა ბიზნესი აქვს. დედა დიასახლისია. მყავს 22 წლის და და 17 წლის ძმა. ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. დედა ჩემპიონატზე ჩემს გამოსვლებს ვერ უყურებს ხოლმე, რადგან გული უწუხს, განიცდის… ჩემი პირველი გულშემატკივრები ოჯახის წევრები არიან. დედა 42 წლისაა, მამა 44 ის. ძალიან მეგობრული, ძმაკაცური, ახალგაზრდული ურთიერთობა გვაქვს. ჩემს სპორტულ კარიერაში ყველაზე დიდი წვლილი მამას აქვს შეტანილი. ახლაც შეაქვს…

- თქვენი კარიერული წარმატება პირად ცხოვრებაზე როგორ გავლენას ახდენს?

- სიმართლე გითხრათ, როგორც ადრე ვცხოვრბდი, დაახლოებით, იგივენაირად ვცხოვრობ. უბრალოდ, ძალიან მსიამოვნებს, როცა ხალხი ჩემ მიმართ ყურადღებას, გულთბილ დამოკიდებულებას, პატივისცემას გამოხატვს, განსაკუთრებით ჩემს ქობულეთში.

- გულის სწორი გყავთ?

- არ მყავს, თუმცა ამის მიზეზი უდროობა არ არის ალბათ, ჯერ არ შევხვედრივარ ან შეიძლება, ამისთვის არც მეცალა…

- ბოლო დროს ქობულეთში ამოუცნობ მოვლენებზე საუბრობენ. თქვენს სოფელშიც ხომ არ დადის ე. წ. „ქობულეთელი რეიკი“, როგორც ხალხმა შეარქვა?

- ჩემს სოფელშიც და ასევე, გვერდით სოფელშიც. პირადად მე, საერთოდ არ მჯერა. ჩემს სოფელში 5 6 ოჯახი იძახდა, რომ ვიღაც უცნობი არსება დადის. პირადად მე, არ შევსწრებივარ. სიმართლე გითხრათ, ისეთი რაღაცები მოვისმინე, რომ არც მჯერა. ჩემი აზრით, თავდაპირველად, ვიღაცამ იხუმრა ან ძმაკაცებმა ერთმანეთს „გაუჩალიჩეს“, შემდეგ კი ჭორები გავრცელდა.

- კონკრეტულად, რას ამბობენ სოფელში?

- მაგალითად, ღამის 1 2 საათზე წამოწოლილი ვიყავი, როცა ჩემმა დამ მომწერა ქვემოთ რაღაც არისო. ჩავედი და ძაღლი იყო. ხალხი უკვე ისეა შეშინებული, რომ ღამით რაღაცამ რომ გაიფაჩუნოს, იმისიც კი ეშინია… ჩემმა მეზობელმა თქვა, სახლში მივედი, ავტომობილის ფარები ჩავაქრე, დავწექი და როცა გავიღვიძე, ფარები ენთოო. ეს „რეიკთან“ რა შუაშია, საერთოდ? ეტყობა, ფარები ჩართული დარჩა (იცინის). ხალხი ძალიან არის დასტრესილი. სხვათა შორის, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბავშვებიც დასტრესეს პატარებიც შეშინებული არიან.

- სოფელში პოლიცია პატრულირებს?

- 10 15 დღეა, არ შემინიშნავს, მაგრამ თავდაპირველად, როცა ამ ამბების ბუმი იყო, ყოველ საღამოს პოლიცია მორიგეობდა. ჩემი პირადი აზრით, „ქობულეთელი რეიკის“ ამბავი ძალიან დიდი სისულელე და ტყუილია.

- კარგი, სპორტის თემას დავუბრუნდეთ. რას ეტყვით ახალგაზრებს, ვისაც ძალისმიერ სამჭიდში წარმატების მიღწევა სურთ, მაგრამ ფინანსური სითულეები აქვთ?

- ფინანსური სირთულეები თითქმის ყველა სპორტსმენს აქვს მეც მქონდა, როცა სოფელში ვვარჯიშობდი, სპორტული ინვენტარი თავად გავაკეთე. ეს პანდემიის გამოც მოხდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მონდომების საკითხია: მშობელს შეუძლია, ბავშვს სახლში სავარჯიშოO სივრცე მოუწყოს. როდესაც ბავშვი გაიზრდება და განვითარდება (ფიზიკურად, გონებრივად), საქართველოს ჩემპიონატზე გამოვა და თუ კარგ შედეგს დააფიქსირებს, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს. დამწყებ სპორტსმენებს ვეტყვი, რომ ბევრი სირთულის გადატანა მოუწევთ, მაგრამ ეს უნდა გადალახონ, რომ გაძლიერდნენ. ამის გარეშე ვერ გაძლიერდებიან.

- თქვენს სამომავლო გეგმებზე და მიზნებზე რას გვეტყვით?

- ერთადერთი ქართველი ვარ, ვინც მსოფლიო თამაშების ლიცენზია მოიპოვა. განგიმარტავთ: როგორც ოლიმპიური სპორტის სახეობებში ტარდება ოლიმპიადა, ანალოგიურად, არაოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო თამაშები ტარდება. 2025 წელს მსოფლიო თამაშები ჩინეთში მაქვს, რაზეც ყველაზე დიდ კონცენტრაციას ვახდენ. ამის გარდა, კიდევ მაქვს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები… სპორტის ამ სახეობაში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული, რადგან საქართველოს ჩემპინატზე 400 მდე მონაწილე გამოდის (ბავშვები, ახალგაზრდები). ყველაზე დიდი მიზანი და გამოწვევა ის არის, რომ შესაძლებლობა გვქონდეს, ფინანსური თვალსაზრისით, ბავშვებს მოტივაცია მივცეთ, როდესაც გაიმარჯვებენ, რადგან თავად, როგორც გითხარით, 4 წლის განმავლობაში, უამრავი ჩემპიონატი მაქვს მოგებული და რეკორდი დამყარებული, მაგრამ საქართველოს სპორტის სამინისტროსგან საერთოდ არაფერი ამიღია, გაურკვეველი მიზეზების გამო…