დების საერთო ბიზნესის მთავარი სიძლიერე

სად მთავრდება დასვენება და იწყება საქმე? – ინტერვიუ თაკო და ნინი მამაიაშვილებთან
„რეალურად, ჩვენი შესაძლებლობების ლიმიტი არ არსებობს – ლიმიტს ადამიანები ვადგენთ“
თუ როგორ იქცა მოგზაურობა პროფესიად და როგორ აძლიერებს ურთიერთობა საერთო მიზნისკენ სწრაფვას, ამის შესახებ დები, თაკო და ნინი მამაიაშვილები გვესაუბრებიან – ადამიანები, რომლებმაც პირადი გამოცდილების საფუძველზე, ტურისტული სააგენტო შექმნეს და მომხმარებლებზე ოჯახის წევრებივით ზრუნავენ…
– გოგონებო, გახსოვთ თქვენი პირველი მოგზაურობა, როცა არც „ინფლუენსერი“ იყავი, თაკო და არც ტურისტული სააგენტო გქონდათ? ვინ იყო წამყვანი ძალა?
ნინი:
– ჩვენი პირველი ერთობლივი მოგზაურობა ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში, „კორონას“ პანდემიის პერიოდში შედგა. მოგზაურობისას წამყვანი ძალა თაკო გახლდათ.
თაკო:
– ორივემ საოცარი გამოცდილება მივიღეთ… ერთად მოგზაურობა პანდემიამდე გვინდოდა, მაგრამ გადაიდო… როგორც კი შევძელით, სურვილი ავიხდინეთ.
– თაკო, სოლო მოგზაურობაც სწორედ პანდემიის დროს დაიწყე. საინტერესოა – რატომ? ნინი, როგორი რეაქცია გქონდა ამ ფაქტზე?
თაკო:
– ერთმანეთისგან შორს ყოფნა კარგი არ ყოფილა, მაგრამ საერთოდ, კომუნიკაცია ყოველდღიურად გვაქვს – ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ხდებოდეს ან სად უნდა ვიყო, რომ ნინის არ დავეკონტაქტო. ამიტომ ჩემი ყველა მოგზაურობა ნინისაც „გავლილი“ აქვს, ვიდეოზარებით და „ამბებით“…
ნინი:
– ფაქტობრივად, მეც თაკოთან ერთად ვიმოგზაურე, ოღონდ – დისტანციურად (იცინიან).

თაკო:
– პანდემიისას ტრანსფორმაციული პერიოდი მქონდა. მინდოდა, სოლო მოგზაურობის საოცარი გამოცდილება მიმეღო. საერთოდ, ცხოვრებაში გარკვეული ბარიერების გადალახვა გვიწევს, მაგრამ როცა სხვა ქვეყანაში მარტო ხარ, უფრო მეტად ვითარდები, იქაურ კულტურას ეცნობი, მეტ გამოცდილებას იღებ და პიროვნულად მეტად იზრდები…
– თაკო, როდის მიხვდი, რომ ხალხს რეალურად, შენი კონტენტი აინტერესებდა?
– სიმართლე გითხრა, ვიდრე სოლო მოგზაურობას დავიწყებდი, ჩემი კონტენტის მიმართ საზოგადოებაში გარკვეული ინტერესი უკვე არსებობდა: რამდენიმე წლის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში ანგარიშები გაუქმებული მქონდა. საბოლოო ჯამში, სოცქსელებში ჩემს დაბრუნებას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ შემდეგ, აქტიურობა გავაგრძელე – პოზიტიური განწყობა, იუმორი „შემომქონდა“, რაც ადამიანებისთვის თითქმის ყოველთვის საინტერესოა. შემდეგ, როცა მოგზაურობა დავიწყე, ჩემი კონტენტის მიმართ ინტერესი გაიზარდა, რადგან არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც მოგზაურობა არ უყვარს. ხალხისთვის ჩემი თვალით დანახული მოგზაურობა, გაზიარებული ვიდეოები, პოსტები საინტერესო იყო…
– ნინი, სოცქსელებში თაკოს აქტიურობაზე როგორ რეაგირებდი?
– ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ ყველაფერს ერთმანეთს ვუთანხმებთ – ეს ვიდეო, ფოტო მოგწონს? გამოვაქვეყნო?.. სულ თაკოს გვერდით ვიყავი, მხარს ვუჭერდი და მომწონდა, რასაც აკეთებდა.
– არის ვიდეო, რომელიც არ მოგწონს, მაგრამ თაკომ მაინც გამოაქვეყნა ან – პირიქით?..
– არა, ნამდვილად (იცინის).
– თქვენს შორის ვის უფრო უყვარს საქმის გადადება და ვის – ყველაფრის დაგეგმვა, შესრულება?
– საქმის გადადება არც ერთს არ გვიყვარს. ორივე „ჰარდ ვორკერები“ ვართ. საერთოდ, ჩვენთვის პრიორიტეტი საქმეა, შემდეგ – სხვა საკითხები ცხოვრებაში ანუ თუ ვაკეთებთ, თავიდან ბოლომდე საქმეში ვართ ჩაფლულები – გარშემო რა ხდება, ვერ აღვიქვამთ.
თაკო:
– დროის შეგრძნებას ვკარგავთ ხოლმე. თითქმის 24/7-ზე ვშრომობთ, რადგან ტურისტულ სააგენტოს ბევრი რამ სჭირდება. ტრენინგებზეც დავდივართ – დიდ ინფორმაციას, ცოდნას ვიღებთ, რადგან როცა გინდა, ცხოვრებაში რაღაც განსხვავებული მიიღო, ბევრი უნდა იშრომო. რეალურად, ჩვენი შესაძლებლობების ლიმიტი არ არსებობს – ლიმიტს ადამიანები ვადგენთ… ასე რომ, ყოველდღღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. მაგალითად, სამუშაო დრო 19:00 საათზე სრულდება, მაგრამ შემდეგ ჩვენთვის კიდევ სხვა სამუშაო დრო იწყება… ამ პერიოდში, საქმეში ისეთი ჩართულები ვიყავით, რომ თითზე რაღაც მჭირდა და მეგონა, ეს ბევრი წერისგან, მუშაობისგან დამემართა. ექიმთან რომ მივედი. აღმოჩნდა, რომ 3 თვის განმავლობაში, თითი სახსრიდან ნახევრად ამოვარდნილი მქონია ანუ საკუთარ თავს ისე ცოტა დროს ვუთმობდი, რომ 3 თვის მერე, ექიმთან მისული ლამის შოკში ჩავვარდი – რას ლაპარაკობთ-მეთქი (იცინის)?!.
ნინი:
– საერთოდ, თაკოს კარგად დაგეგმვის უნარი აქვს. დაგეგმვის შემდეგ, თემას უკვე ერთად ვამუშავებთ, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. სულ ვცდილობთ, ჩვენს ტურისტულ კომპანიაში რაღაც სიახლე შემოვიტანოთ. მაგალითად, როგორც ტურისტებს, არ მოგვწონდა, რომ სააგენტოში უნდა მივსულიყავით, გარკვეული საბუთი ამოებეჭდათ და ა. შ. ჩემთვის ეს დიდი დისკომფორტი იყო. ამიტომ ონლაინ პლატფორმა შევქმენით, რომელიც მომხმარებელზეა მორგებული: ტურის ისე შეძენა შეუძლია, რომ არსად მისვლა არ სჭირდება. ჯერჯერობით, უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყავს. უკვე ათასზე მეტი ადამიანი გავუშვით სამოგზაუროდ. თითოეულ მომხმარებელზე ოჯახის წევრებივით ვზრუნავთ. მათთვის არასამუშაო დროსაც ხელმისაწვდომები ვართ – არ არსებობს, რომ „უბრალო“ კითხვაზეც კი არ ვუპასუხოთ. ჩემთვის პრიორიტეტია, რომ მომხმარებელი იმ ყურადღების ქვეშ იყოს, რაც რეალურად, მას სჭირდება. ბავშვს დასასვენებლად რომ გაუშვებ და ვერ ისვენებ, სანამ არ დაბრუნდება, აი, ასეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე. მინდა, მომხმარებლისგან მოვისმინო, როგორი ბედნერი და კმაყოფილია ჩვენი მომსახურებით. მათი დადებითი შეფასების გამო, მეტი მოტივაცია მაქვს, რომ მეტი სიახლე შემოვიტანოთ, უფრო მეტად განსხვავებულები, სასარგებლოები ვიყოთ და მომხმარებლის ბიუჯეტს ნებისმიერი ტური მაქსიმალურად მოვარგოთ.
– მომხმარებლისგან მიღებული შეფასება, ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად გეამაყებათ…
თაკო:
– უამრავ დადებით შეფასებას ვიღებთ. ციტირებას ვერ მოვახდენ, რადგან ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მომხმარებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, როგორი ბედნიერები იყვნენ მომსახურებით. ასევე, ამბობენ, – არც ერთ კომპანიას ასე არ უზრუნია ჩვენზეო… ჩვენთვის ეს ძალიან საამაყო შეფასება გახლავთ.
– სააგენტოს შექმნის იდეა ვისგან წამოვიდა და როგორ დაითანხმეთ ერთმანეთი?
ნინი:
– მეც და თაკოც ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ბიზნესი უნდა გვქონოდა. ჩემი ერთ-ერთი პროფესია ფინანსების მართვა გახლავთ. რა თქმა უნდა, რისკები მინიმუმამდე უნდა დაიყვანო, როცა ბიზნესს იწყებ და საშუალება გაქვს, რისკებზე იფიქრო. ბიზნესის დაწყებისას ის საქმე უნდა გიყვარდეს, სიამოვნებას განიჭებდეს, რასაც აკეთებ. ამის საფუძველზე, ერთ-ერთ მოგზაურობის დროს მივხვდით, რომ რაც გვიყვარს, ეს მოგზაურობა გახლავთ, ამ საქმის კეთება გვსურს და გვინდა, მოგზაურობის ბედნირება სხვებსაც მივანიჭოთ.
– რა დადებითი და უარყოფითი მხარეები იჩენს თავს, როცა საქმიან პარტნიორად ოჯახის წევრი გყავს?
თაკო:
– საერთო მიზანი გვამოძრავებს, რომლისკენაც ერთად მივდივართ – ერთობლივი ბიზნესის მთავარი სიძლიერე ეს არის.
ნინი:
– უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ოჯახი ჩვენი სიძლიერეა – ოჯახის წევრები გვერდით გვიდგანან.
თაკო:
– ერთადერთი, რაც შეიძლება, უარყოფით კონტექსტში მოვიაზროთ, ისაა, რომ საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის ნაკლები დრო გვრჩება.
ნინი:
– მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში ოპერატორები ონლაინ გვყავს, მაინც თავიდან ბოლომდე ჩვენც ჩართულები ვართ ყველა საკითხში. ჩვენი ხასიათის გამო, ჯერჯერობით, „ბექსთეიჯზე“ ვერ გადავდივართ… ერთადერთი, პატარა „მინუსი“ რაც მაქვს, ისაა, რომ ჩემს 2 შვილს დედის ყურადღება ოდნავ აკლდება (იღიმის)…
– ახლა რომ გკითხოთ, თქვენი სააგენტო რის გამო იქცა წარმატებულად, ერთმანეთს დაასახელებთ თუ მესამე ფაქტორია გადამწყვეტი?
– პირადად მე, პირველ ფაქტორად თაკოს ცნობილობა მიმაჩნია: ბევრი იცნობს, პატივს სცემს, მოსწონს… ქუჩაშიც ხშირად აჩერებენ ხოლმე… მეორე ფაქტორად მომხმარებელთან ჩვენს განსხვავებულ მიდგომას დავასახელებ – ადამიანს ისეთ სასტუმროში არ გავუშვებ, სადაც თავად არ წავიდოდი. მაქსიმალურად ვცდილობ, ბიუჯეტური და რეკომენდებული სასტუმრო შევთავაზო, თუ ბიუჯერს არ მეუბნება; თუ მეუბნება, რა თქმა უნდა, ვცდილობ, ისეთი სრული პაკეტი შევთავაზო, თავადაც გაკვირვებული დარჩეს.
– თაკო, რამდენად რთულია ინტერნეტ გადაცემისთვის პოლიტიკური სატირის „კეთება“ და სოციალურ ქსელებში აქტიურობა, პარალელურად კი – ტურისტული სააგენტოს მართვა?
– ბავშვობიდან „მალტი ტასკერი“ ვარ. სწავლა მიყვარს. სულ რაღაცის ძიებაში ვარ, სხვადასხვა სფეროს ვეცნობი. არც პოლიტიკა მიჭირს, ბიზნესიც ვიცი, ასევე – ნეირომეცნიერებას ვეცნობი, ფსიქოლოგიას ვკითხულობ… სწავლის პროცესით ცხოვრებაში ისეთ ემოციას ვიღებ, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. მოკლედ, რამდენიმე საქმის კეთება არ მიჭრს, კიდევ ბევრ რამეს დავიმატებ (იცინის). მე და ჩემი და ერთად მართლა უამრავ საქმეს ვაკეთებთ. რასაც ადამიანები ხედავენ, მხოლოდ „ფასადია“. რეალურად, ბიზნესის კეთება 24/7-ზე მუშაობას გულისხმობს… მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში ცოდნის მიღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. უნივერსიტეტებში სწავლა ძალიან კარგია, მაგრამ შეგიძლია, უმოკლეს დროში გარკვეული ცოდნა და გამოცდილება მიიღო… სულ ვცდიილობთ, განვვითარდეთ, ცოდნა, კვალიფიკაცია ავიმაღლოთ… მთავარია, რომ სულ წინ და წინ მივდივართ.
– თქვენს ურთიერთობას რომელ ქვეყანას შეადარებთ?

– სიყვარულით სავსე საქართველოს, რადგან ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საცარი ქვეყანა არსად მინახავს. შეგვიძლია, ჩვენი ურთიერთობა ბევრ ადგილს შევადაროთ, მაგრამ საქართველო რომ გვიყვარს, ისე – არც ერთი, დედას გეფიცები! აქ სხვა ემოცია ტრიალებს…
ნინი:
– თაკოს ვეთანმხმები: საქართველო ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან გამორჩეულია. სხვაგან ცხოვრებაზე არც კი გვიფიქრია. სხვა ქვეყნებში მხოლოდ მოგზაურობაა სასურველი. ქართველების მსგავსი საყვარელი ხალხი სხვაგან არ არსებობს. ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა არის საქართველო.
– დღესდღეობით მოგზაურობა რა არის თქვენთვის: განტვირთვა, თავისუფლება, შთაგონება, პროფესია?..
თაკო:
– ყველაფერი ერთად, რადგან მაგალითად, ახლახან ბათუმში გახლდით – ნინის დაბადების დღე იყო. იქაც კი არ დაგვისვენია. პრომეთეს მღვიმეში ვიყავით. რაღაცები კამერით მაინც გადავიღეთ ანუ თან, იქაურობას ვათვალიერებდით, თან – საქმეს ვაკეთებდით, რადგან ეს ყველაფერი ერთად – სიამოვნებაა!
ნინი:
– პრომეთეს მღვიმე ძალიან მომეწონა (სამწუხარდ, ამდენი წლის განმავლობში, ნამყოფი არ გახლდით) და ჩვენს ტურისტულ შეთავაზებაში დავამატეთ – საქართველოში ჯგუფური ტურებსაც ვაწყობთ.
თაკო:
– საქართველოთი დაინტერესებული უამრავი ტურისტი გვყავს. სად არ უმოგზაურიათ, მაგრამ საქართველოთი განსაკუთრებულად აღფრთოვანებული არიან. მინდა, ყველას ვაჩვენოთ, როგორი მაგარი ქვეყანა გვაქვს.
ნინი:
– მსურს, მომხმარებლებს განსხვავებული ტურები შევთავაზოთ, ტურისტებს საქართველო ცოტათი სხვა კუთხით დავანახოთ და არა – შაბლონურად. ცნობილ ტურისტულ ადგილებს არ ვერჩი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ბევრი ლამაზი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულონ…

