„აქცია გაუთხოვრებზე განახლდება ხვალიდან“
რაკი ეს ღიმილის მომგვრელი ფოტო დღესაც იპყრობს სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღებას, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუ ფოტოს მთავარ გმირთან. თავდაპირველად, ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „გზის“ 2018 წლის ივნისის ნომერში.
53 წლის ლევან მახარაშვილი სოციალურ ქსელში ძალზე პოპულარული პიროვნება გახლავთ. სახელი ფასდაკლების აქციით გაითქვა: გაუთხოვრებს საზამთროს ყიდვას 50% იანი ფასდაკლებით სთავაზობდა. ლევანს რუსთავის ე. წ. სტამბულის ბაზარში მივაგენით. „გაუთხოვრებზე ფასდაკლება გაგრძელდება ხვალიდან“ ამჯერად, ასეთი წარწერით დაგვხვდა… გაირკვა, რომ გაუთხოვრები მომხმარებელთა ერთადერთი სეგმენტი არაა, რომელზეც ლევანი ზრუნავს ერთი პერიოდი, 2 კილოგრამ ვაშლს ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებელს უფასოდ ურიგებდა, თუმცა ფაქტია დღეს ქალების ინტერესებზე განსაკუთრებულად ზრუნავს. გასაყიდი პროდუქტის კონსულტანტიც თავად არის, მოლარეც, PR ისა და მარკეტინგის მენეჯერიც…
– ხალხი სულ დაღონებული სახით დადის. გაივლიან, გამოივლიან, თავ პირი ჩამოსტირით, დაღვრემილები არიან. ვიფიქრე, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რომ გასცინებოდათ. ჰოდა, საზამთროებთან წარწერა დავდე. როცა ხედავენ, სიცილით იხოცებიან. მერე მეუბნებიან, მეზობელი, ახლობელი მყავს გაუთხოვარიო. ზოგი ამბობს, გაუთხოვარი თავად ვარ, ფასი დამიკელიო, მაგრამ მე „გაუთხოვრობის“ ცნობებს ვთხოვ. მერე ზოგი მეუბნება, უი, მეხი კი დაგეცეს, რა მითხარიო (იცინის)!..
– ანუ თქვენი ფასდაკლება რეალურად, არ მოქმედებს?
– რეალურად, თუ მართლა ძალიან გაუთხოვარი იქნება, სულ ვაჩუქებ საზამთროს.
– გაუთხოვრობის ასაკი საიდან იწყება?
– 50-60, როცა უკვე იმედგადაწურულია, მაგრამ ქალებს ასაკს რომ ვეკითხები, ძირითადად, წლებს არ აღიარებენ ნაკლებს მეუბნებიან. ერთმა მკითხა, გაუთხოვრობის ცნობა სად ავიღო, საიდან მოვიტანო, ქალთა კონსულტაციაში ხომ არ წავალო?! აქაც გვაქვს ოთახი, სადაც შევამოწმებთ… დღეში 50 100 ქალიც რომ გავაცინო, ჩავთვლი, რომ რაღაც კარგი გავაკეთე ქალები გავაღიმე.
– დღეს გიწერიათ, აქცია გაუთხოვრებზე ხვალიდან განახლდებაო. რა ხდება?
– 1 დღით შევწყვიტე. დასვენების დღე მაქვს. ძალიან ბევრი გაუთხოვარი მოგვაწყდა. ყოველი მესამე მეუბნება, გაუთხოვარი ვარ, ფასი დამიკელიო.
– შემოწმებას ვეღარ აუდიხართ?
– არა. მართლა ხომ არ შევამოწმებ?! ვინ შემამოწმებინებს, სად მაქვს მაგის იღბალი, მაგის სიამოვნება?..
– კაცებისთვის ფასდაკლებები არ გაქვთ?
– კაცები მოდიან და მეუბნებიან ხოლმე, უცოლო კაცებზე რა აქცია გაქვთო? ვპასუხობ, პანღური უკანალში მეთქი (იცინის). ქვრივებთან დაკავშირებითაც არის კითხვები, მაგრამ ქვრივი მეც ბევრი მყავს სარჩენი…
– სოციალურ ქსელში თქვენ შესახებ იმასაც წერდნენ, ამ აქციით თავისთვის საცოლეს ეძებსო…
– არა, ცოლი მყავს. ჩემი მეუღლე მე 6 კლასში იყო, მე მე 10 ში, როცა ერთმანეთი გავიცანით. მაგრად მიყვარს! 2 შვილი ბიჭი და გოგო გვყავს. დაოჯახებულები არიან, შვილებიც ჰყავთ. კარგი ოჯახი მაქვს. არაფერს ვემდური, თითქმის ყველაფერი მაქვს: სახლი, კარი, მანქანა…
– დიდი ხანია, საზამთროს ყიდით?
– ერთ ერთ სამსახურში ვიყავი. დაახლოებით, 2004 წელს გამოგვიშვეს. უმუშევრი დავრჩი. ვაჭრობა დავიწყე. ამ ადგილას მოვედი ვყიდულობ, ვყიდი… ზამთარში ვაშლს ვყიდი, ზაფხულში საზამთროს.. სხვა რაღაცების გაყიდვა არ ვიცი. რამდენჯერმე ვცადე (მაგალითად კიტრის, პომიდვრის გაყიდვა), მაგრამ არ გამომივიდა, საზამთროს იყიდი, დადებ, აწონი… ადვილია, რა! ცოტათი ძნელი საქმე არ მიყვარს (იცინის).
– საზამთროები საიდან მოგაქვთ?
– ეს უზბეკეთიდანაა შემოტანილი. თურქული და ირანულიც არის… თვის ბოლოს ქართულიც შემოვა გაყიდვაში.
– როგორ ამოწმებთ, საზამთრო კარგია თუ ცუდი?
– ქალი რომ გაივლის, ხომ იტყვი ადამიანი, რა კარგი ქალიაო? აი, საზამთროს შემთხვევაშიც დაახლოებით, ასეა, ოღონდ ამას ხელსაც წამოარტყამ თუ კარგი ხმა აქვს, ე. ი. კარგია.
– დღეში დაახლოებით, რამდენი კლიენტი გყავთ?
– 50 100. კმაყოფილი ვარ. საერთოდ, ადამიანმა ცხოვრებაში სულ დადებითი უნდა ეძებო. თუკი დადებითი პიროვნება ხარ, ყველაფერი დადებითად გექნება ვაჭრობაც, საჭმელიც, სასმელიც… უარყოფითად განწყობილი ადამიანი ყველაფერში უარყოფითს ეძებს და პოულობს კიდეც. ხომ ცოდოა?.. უნდა ეცადო, სხვაც გაამხიარულო. მაგალითად, ჩემი წარსულიდან დღემდე ბევრი გოგო და ქალი მყავს გამხიარულებული.
– რას გულისხმობთ?
– გაცინებულს. თქვენც ხომ იცინით?.. რავი, რითიც შემეძლო, გოგონებს მხარში ვედექი სულიერად, მორალურად, ფიზიკურად.
– გასაგებია. თქვენმა აქციამ გაყიდვებზე დადებითად იმოქმედა?
– გაყიდვებზეც დადებითად იმოქმედა და ასევე, პირველ დღეს, „ფეისბუქზე“ ჩემს ფოტოს 800 მოწონება და 220 კომენტარი ჰქონდა. დღეში 1000 ადამიანის აქტიურობა ნორმალურია. მეტის ღირსი ვარ, მაგრამ არა უშავს (იცინის).
– „პიარის“ და მარკეტინგის საზაფხულო კურსის გახსნასაც ხომ არ გეგმავთ?
– არა, უბრალოდ, მინდოდა, საზოგადოებაში დადებითი მუხტი შემეტანა. გაივლიან, გამოივლიან, საზამთროს საცოდავი მზერით უყურებენ. საშუალება არ აქვთ, რომ იყიდონ. წარწერა მაინც წაიკითხონ და გაეცინოთ… საზამთროს გაყიდვაზე მეტად, ის მიხარია, რომ იცინიან და მხიარულობენ. ერთმანეთს ეუბნებიან ხოლმე: ნახე, გოგო, რა ეწერაო?.. სოციალურ ქსელში, ჩემს შესახებ ზოგმა უარყოფითი კომენტარიც დაწერა: ცოტათი უხეში კაციაო. კი, ხანდახან ასეთიც ვარ.
– მაშინ, როცა მომაბეზრებელი კლიენტი გსტუმრობთ თუ?
– ჰო, ზოგი მართლა ყველანაირად უარყოფითი პიროვნებაა, ინტრიგნობას ცდილობენ. ასეთ რაღაცებს ვერ ვპატიობ. წლების განმავლობაშიც ისეთი სამსახური მქონდა, რომ წესრიგი, კულტურა, სილამაზე მიყვარს. არასწორი საქციელი არ მომწონს.

– საზამთროსთან დაკავშირებული პრეტენზიებით (მაგალითად, ტკბილი არ იყოო) არ გაწუხებენ?
– ძირითადად, ამ საკითხს იუმორით უდგებიან. ისე, მორიდებით მეუბნებიან ხოლმე, კარგი არ იყოო. მერე მეც ზოგს შევუცვლი ან დანაკლისის სხვაგვარ კომპენსირებას ვახდენ, მაგალითად 8 ლარის ნაცვლად, 5 ს ვახდევინებ. როცა საზამთრო არ გამოადგებათ ხოლმე, მაინც ჩემთან მოდიან. ძალიან ბევრს ვუყვარვარ.
– მყიდველს საზამთროს ადგილზევე უჭრით, რომ გასინჯოს?
– კი. მეზარება, მაგრამ ვუჭრი, რა თქმა უნდა.
– ვაშლზე რა ფასდაკლებები გაქვთ ხოლმე?
– იქაც მსგავსი მასხრობები. მაგალითად, ერთხელ გორში, ერთი კაცისგან ვაშლი ვიყიდე. რომ გამოვდიოდი, დავინახე, რომ კართან 7 ყუთი წვრილი „გოლდენი“ (ვაშლის ჯიშია) ეწყო. იმ კაცს ვუთხარი: მაიტა, ეს 7 ყუთი ვაშლი მაჩუქე, მაინც წვრილია მეთქი. გამომხედა და მითხრა: კი, ბატონო, გაჩუქებ, მაგრამ რუსთავში რომ ჩაიტან, შენც აჩუქე ხალხსო. დედას გეფიცები, ვაჩუქებ მეთქი, დავპირდი. ჩამოვიტანე, 7 ყუთი ვაშლი ცალკე დავაწყვე და მივაწერე: „2 კგ. უფასოდ“. უამრავი ხალხი მოდიოდა. ზოგი მეუბნებოდა, 3 კგ. მომეცი, მაინც უფასოაო. ვპასუხობდი, არა, ქალბატონო, ეს ყველას უნდა შეხვდეს მეთქი… მთელი წელი და მერეც ხალხი მოდიოდა იმ კაცისგან ვიყიდოთ, უფასო ვაშლს რომ „ყიდისო“. იმ 7 მა ყუთმა ვაშლმა ისეთი რეკლამა გამიკეთა, რომ მთელმა ქალაქმა შეიტყო სტამბულის ბაზარში ვიღაც კაცი ხილს უფასოდ „ყიდისო“. ყველა ჩემკენ გამორბოდა. ვინც წაიღო, წაიღო, მაგრამ სხვებიც ხომ ხედავდნენ? ზოგს არც სჯეროდა, რომ 2 კგ. ვაშლს ხალხს უფასოდ ვატანდი. ასეთი რაღაცები მეხერხება.
– სამუშაო დღეს როდის იწყებთ და ასრულებთ?
– დილის 8 დან საღამოს 7 მდე ვმუშაობ.
– სინამდვილეში, საზამთროთი ვაჭრობა შრომატევადი საქმეა?
– კი, ძლიან. მაგალითად, მთელი დღე უნდა ალაგო, აწონო, გაყიდო, მანქანიდან გადმოტვირთო, შეტვირთო… თუ კლიენტი არ გყავს და დღეში 5 ადამიანს ემსახურები, არაფერია, მაგრამ თუკი სერიოზულად მუშაობ, ძალიან დამღლელი საქმეა.
– შემოსავლიანია?
– კი, ოჯახს ვინახავ.
– სამუშაოს დასრულების შემდეგ, რას აკეთებთ, როგორ ერთობით?
– დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. ბავშვები პარკში სასეირნოდ მიმყავს… იშვიათად ქალაქგარეთაც გამყავს: მაყალი, მწვადი…
– შვილები არ გეხმარებიან?
– კი, დილით ჩემი ვაჟი მეხმარება. მერე მასაც თავისი საქმე აქვს…
– უკვე ძალიან პოპულარული ხართ. ხალხი ავტოგრაფს არ გთხოვთ?
– კი, მაშაყირებენ თქვენი ავტოგრაფი გვინდაო. ძირითადად, წარწერებს ფოტოებს უღებენ. ვინც ფოტო გამივრცელა, არც ვიცოდი, თუ გადამიღო. მოვიდა და მკითხა: შეიძლება, გადავიღოო? გადაუღე მეთქი. კამერა აუწევია და კადრში მეც გამომაჩინა. რაკი გამოაქვეყნა, იყოს, არა უშავს…
– პოპულარობა მოგწონთ?
– კი, ნორმალურია. ასეთ ამპლუაში წინათაც ვყოფილვარ ზვიად გამსახურდიას პერიოდში, მიტინგზეც გამოვსულვარ და ჩემს შესახებ უთქვამთ, აუ, ეს ის ტიპიაო… ყველას მხარს ვუჭერ, ვინც ქართული სახელმწიფოს მხარდამჭერია. ისე, აპოლიტიკური ადამიანი ვარ.
– წარმოშობით საიდან ხართ?
– გორიდან, მაგრამ რუსთავში ვცხოვრობ. არ ვემდური, კარგი ქალაქია. ადრეც კარგი იყო… იცი, რატომ? ძირითადად, რუსთავში მშრომელი, მუშა ადამიანები ცხოვრობენ. აქ სულ სხვა გულის ხალხია…
– წყალდიდობას როგორ გაუმკლავდით?
– მაშინაც ვიხლაისეთ. აქ ვიყავი. საერთოდ, წვიმა, წყალდიდობა, მსგავსი რაღაცები მიყვარს, რადგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ჩემი სტიქია წყალია. კი, ქუჩები დაიტბორა, ის ხალხი ცოდოა, ვინც დაზარალდა, მაგრამ არა უშავს, ამ პრობლემასაც მიეხედება.
– თქვენი საზამთროები წყალდიდობას უვნებლად გადაურჩნენ?
– რა მოუვიდოდა? საზამთროები ზემოთ იყო (იცინის).
– აქციების შესახებ კრეატიული იდეები როდის, როგორ მოგდით?
– მაგალითად, რაც ახლა მეწერა „გაუთხოვრებზე 50% იანი ფასდაკლებაა“ მაშინ დამებადა, როცა ერთი ქალბატონი მოვიდა და საზამთროზე ფასის დაკლება მთხოვა. 13 ლარი და 60 თეთრი ჯდებოდა. ვუთხარი, 60 თეთრს დაგიკლებ მეთქი. არა, გაუთხოვარი ვარ, ფული არ მაქვს და გაითვალისწინეო, მიპასუხა. მერე 10 ლარად ვაძლევდი და ისევ შემახსენა: გაუთხოვარი ვარ, კიდევ დამიკელიო. ძალიან ბევრს მაკლებინებ მეთქი. ხომ გითხარი, რომ გაუთხოვარი ვარ და ფული არ მაქვსო?! გამიმეორა. რაკი გაუთხოვარი ხარ, ნახევარ ფასად გაგატანო მეთქი?.. მაშინ მომივიდა იმ ცნობილი აქციის იდეა და მივაწერე კიდეც: „გაუთხოვრებზე 50% იანი ფასდაკლებაა“.
– რამდენ კილოგრამიან საზამთროს გთხოვდათ ფასდაკლებით?
– კაი დიდი უნდოდა, 15 კილოგრამიანი (იცინის)! ძალიან ბევრს ითხოვდა…
– სამომავლოდ, როგორი ფასდაკლებების აქციებს გეგმავთ?
– მოკლეკაბიანებზეც გვექნება, განათხოვრებზეც… რაღაცას მოვიფიქრებ, რომ ისინიც გავახალისო…

